21-ე საუკუნემ, რომელიც კოლოსალური ტექნოლოგიური განვითარებითა და ცხოვრების განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხასიათდება, ახალი, მანამდე არასტანდარტული პროფესიების გაჩენა განაპირობა. ამ სუპერთანამედროვე სპეციალობებით მუშაობისთვის შესაბამისი განათლება სტანდარტული სახით, ანუ სასწავლებელში გატარებული წლები და შედეგად მიღებული დიპლომი აუცილებელი სულაც არ არის. მათში წარმატების მიღწევა ძირითადად მონდომებაზე, პრაქტიკასა და კონტაქტებზეა დამყარებული.
AMBEBI.GE-სთან ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტმა, ნინო ჯინჯოლავამ ის პროფესიები გამოჰყო, რომლებმაც ფეხი ჯერ მსოფლიოში, შემდეგ კი - საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიკიდა. 5 მთავარი ახალი პროფესიის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ინფლუენსერობა, იუთუბერობა, სოციალური მედიის მენეჯმენტი, რეკრუტერობა და სახლში მიტანის სერვისი.
ჯინჯოლავა განმარტავს, რომ უამრავი პროფესია უცხოეთიდან შემოვიდა, ამასთანავე, ახალი პროფესიების საქართველოში გაჩენა განაპირობა ინტერნეტმა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ და ზოგადად, 21-ე საუკუნემ, როგორც ციფრულმა ერამ.
1) ინფლუენსერობა
ინფლუენსერობის შესახებ AMBEBI.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ნინა პერტენავა ესაუბრა, რომლის თქმითაც, დაახლოებით 100 წლის წინ საზოგადოებასთან ურთიერთობის შემქმნელმა, ედვარდ ბერნეისმა პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, ცნობადი ადამიანების გამოყენება დაიწყო. ეს შემდგომშიც გაგრძელდა, მაგალითად, წარმატებული ადამიანების სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით.
„მას შემდეგ ძირითადმა სარეკლამო და საკომუნიკაციო არხებმა სოციალურ მედიაში გადაინაცვლა და აქტუალური გახდა ინფლუენსერების არსებობა, არამარტო უკვე ცნობილი და სხვა დარგიდან გადმოსული ადამიანების, არამედ უშუალოდ ბლოგერების, ვლოგერების, ინსტაგრამის გოგოებისა და ბიჭების, ეს კი უკვე ახალია. ინფლუენსერები საინტერესოა დამკვეთებისთვის, რომლებიც მათ პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაციაში ან თანხას უხდიან, ან სანაცვლოდ პროდუქციას სთავაზობენ. სწორედ აქედან დაიწყო ინფლუენსინგი, როცა ადამიანებს, ვისაც იუთუბზე საკუთარი არხები ან ინსტაგრამ გვერდები ჰქონდათ ბევრი გამომწერით, დიდი კომპანიები პროდუქციის გატესტვას, გამოყენებასა და საზოგადოებამდე მიტანას თხოვდნენ. მეორე ფორმაა ინფლუენსერების გვერდების გამოყენება მაგალითად, ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით“, - აღნიშნავს პერტენავა.
ის გამოჰყობს ინფლუენსინგის ტიპებს და აღნიშნავს, რომ ეს ახალი პროფესია რომელიმე ძველი სპეციალობის ჩანაცვლება კი არ არის, არამედ, მის წინა პლანზე ძირითადად, მულტიფუნქციური პროფესიებია წარმოდგენილი.
„ინფლუენსერობა ზოგჯერ კონტენტის ლამაზად და სწორად მიწოდებასთანაა დაკავშირებული, ასევე, არიან უბრალოდ, ლამაზი ინფლუენსერებიც, რომლებიც თავს უვლიან და ლამაზ ფოტოებს დებენ. ადამიანები მათ ეკითხებიან, როგორ მიაღწიეს ასეთ ფორმას, როგორ მაკიაჟს იყენებენ და ა.შ. არიან ისეთებიც, ვინც იუმორით გახდნენ პოპულარულები. ვფიქრობ, ერთი პროფესია უკვე აღარ არის იმისთვის საკმარისი, რომ ადამიანი მოთხოვნადი იყოს - აუცილებელია მეორე და შესაძლოა, მესამეც. ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ინფლუენსერების ბუნებრიობასაც.
თავად სოციალური ქსელებიც არ არსებობს დიდი ხანია და ინფლუენსერობაც, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ახალია. ჩვენთან ცოტა გვიან შემოდის ეს ტენდენციები და ბაზარი ახლა ყალიბდება. თუმცა, საქართველოში ნიჭიერი ინფლუენსერები არიან და ვფიქრობ, ცოტა ხანში ძალიან ხარისხიანი ინფლუენსერები გვეყოლება“, - აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
2) იუთუბერობა
შეიძლება ითქვას, იუთუბერობა, მიუხედავად იმისა, რომ ის თანამედროვე ტენდენციების გამო უკვე ცალკე პროფესიადაა ჩამოყალიბებული, ინფლუენსერობის ერთ-ერთი სახეცაა. იუთუბი უმთავრესი პლატფორმაა, სადაც ვიდეოების ატვირთვით ბევრმა, მანამდე უცნობმა ადამიანმა, სახელის მოხვეჭა მოახერხა. ზოგი არხი სერიოზული თემატიკით პოზიციონირდება, პოპულარულია შემეცნებითი, ანალიტიკური, „რჩევების მომცემი“ ვიდეოები, ზოგი კი გართობაზე და იუმორზე აკეთებს აქცენტს.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არხი EmiliTV-ია, რომელზეც შვილის - ემილის ვიდეოებს მამა, არხის დამფუძნებელი, ლევან ალიმბარაშვილი ტვირთავს. ის AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროფესია იუთუბერობა საქართველოში ჯერ მთლად ფესვგადგმული არ არის, ვინაიდან ამ რესურსს კომპანიები ჯერ არ იყენებენ.
„იუთუბის სფეროში დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეს, აქ წარმატების მიღწევის რეცეპტები არ არსებობს. ბაზარს წინასწარ ვერც მოიკვლევ, არსებობს ტენდენციები, რა არის მოთხოვნადი, თუმცა, ინდივიდუალურია, რას მიაწვდი მომხმარებელს, შეიძლება, სულ სხვა რამ გააკეთო და ის გახდეს წარმატებული. პროცესში განვითარების შემდეგ შეგიძლია უფრო კონკრეტულად გაიგო, რა მიმართულებით შეიძლება, უფრო განვითარდე. მთავარია, აკეთო ის, რაც მოგწონს და ამაში მთელი შენი ძალები ჩადო, თუმცა არც ესაა 100%-იანი გარანტია.
ვფიქრობ, იუთუბერობა არანაკლები შრომაა, ვიდრე ის, რომ ადამიანი სამსახურში დადის და მუშაობს. ბავშვის მხრიდან ეს უფრო გართობაა და არა - დატვირთვა. მე უკვე რამდენიმე წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ალბათ, უკვე პროფესია გამოდის. შემოსავალს რაც შეეხება, არის, მაგრამ რთულია, ადამიანი აქედან მიღებულ შემოსავალს დაეყრდნოს. საზღვარგარეთ უფრო მეტი მაყურებელიცაა და რეკლამებიც სხვა თანხები ღირს, შესაბამისად, შემოსავალი იქ ბევრჯერ - 4-5-ჯერ მეტია. უცხოეთში თავად კომპანიები ხვდებიან, რა ძალა აქვს იუთუბს, რამდენი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოში ჯერჯერობით ამ მხრივ არ აქტიურობენ. კრეატივის გარდა, ბიუჯეტი ყოველთვის საჭიროა და მის გარეშე ხარისხიან, ტელევიზიის დონის ვიდეოს ვერ დადებ. სწორედ თანხების ნაკლებობის გამო უჭირთ ქართველ იუთუბერებს განვითარება. ალბათ, დრო არის საჭირო, რომ საქართველოში ეს სფერო მოძლიერდეს“, - აღნიშნავს EmiliTV-ის დამფუძნებელი. განაგრძეთ კითხვა