ბაიდენი ამერიკის სუფთა ენერგეტიკაში 2 ტრილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ამერიკის სუფთა ენერგეტიკაში.

ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დემოკრატი კანდიდატის მიზანია, ამერიკა სრულად გადავიდეს სუფთა წყაროებისგან მიღებულ ენერგეტიკაზე უკვე 2035 წლისთვის. ამისთვის ის გეგმავს 2 ტრილიონი დოლარის მოზიდვას მომდევნო 4 წელიწადში. ის ასევე ემხრობა სენატორ ჩაკ შუმერის წინადადებას, რომელიც ამერიკელებისთვის სტიმულირების პაკეტს ითვალისწინებს ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებში გადაცვლის შემთხვევაში.

ცნობისთვის, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი ხედვა ამერიკისთვის მიწოდების სისტემისა და მომწოდებელთა ჯაჭვის სრულყოფილების შესახებ ოფიციალურად 7 ივლისს წარმოადგინა, მათ შორის ნახსენებია ჩინეთიდან იმპორტის შეზღუდვა. მას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ამერიკამ მომდევნო წლებში 400 მილიარდით უნდა გაზარდოს ხარჯები იმ პროდუქციის შეძენაზე, რომელთა წარმოება მოხდება სამშობლოში.

კოკა კვირკველია