ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა წლიურად 377 ერთეულით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 500 ათასი ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 15.5 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 15 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 63.7 მლნ მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ ხუთ თვეში 83.3 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-მაისში კი ეს ციფრი 147 მლნ იყო.

2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 700 ათასი ტონით გაიზარდა და 7.4 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 6.7 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 377 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მაისში 232,537 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 232,160 კონტეინერი გადამუშავდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე