კონგრესმენებმა სახელმწიფო ორგანოებში  TikTok-ის აკრძალვაზე ინიციატივას მხარი დაუჭირეს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ამერიკის სახელმწიფო უწყებებში აპლიკაცია TikTok-ის გამოყენებას კრძალავს.

აღნიშნული ჩასწორება ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში გაკეთდა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 336-მა კონგრესმენმა, 71 კი წინააღმდეგი იყო. წარმომადგენელთა პალატის წევრები თვლიან, რომ აპლიკაციამ შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. მათი ვერსიით TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance ამერიკელებზე ინფორმაციას აგროვებს და შეუძლია ის კიბერთავდასხმისთვის გამოიყენოს.

მანამდე გაზეთი Financial Times-ი წერდა, რომ თეთრი სახლი განიხილავს შესაძლებლობას ამ ჩინური აპლიკაციის ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს შავ სიაში, რაც ხელს შეუშლის პერსონალური მონაცემების ჩინეთში მოხვედრას. ეს ზომა კი ამერიკულ კომპანიებს მათ შორის Apple-ს მოწყობილობებში TikTok-ის პროგრამული განახლების საშუალებას არ მისცემდა.

საბოლოო გადაწყვეტილება ამ ჩინური აპლიკაციის წინააღმდეგ მიმდინარე თვის ბოლომდე იქნება მიღებული. თავად თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს რთული პროცესის გავლა უწევს, ჯერ წარმომადგენელთა პალატაში, შემდეგ კი სენატში, ამის შემდეგ შეიკრიბება კომისია, რომელიც მას შეაფასებს, რის შემდეგაც ის კვლავ უნდა დაამტკიცონ კონგრესში, ხოლო შემდეგ გადაიგზავნება ხელმოწერისთვის თეთრ სახლში. ეს პროცესი, როგორც წესი, მთელი შემოდგომა გრძელდება.

კოკა კვირკველია