მუხიანის შემდეგ, იტალიური კალია წეროვანშიც დიდი რაოდენობით გამოჩნდა. ეს მწერები დაახლოებით, თავიანთი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და საფრთხეს უქმნიან მოსავალს და საცხოვრებელ გარემოს. კალიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მაღალი რისკის მავნებელად არიან მიჩნეული, დაფრინავენ და თითქმის 1000 კილომეტრზე შეუძლიათ გადაადგილება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იტალიური კალია კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშია გავრცელებული. ამ რეგიონებში შეწამვლითი სამუშაოები მაისის თვიდან მიმდინარეობს და კალიის საწინააღმდეგოდ უკვე 35 000 ჰექტარია დამუშავებული.
"შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი მთელ მსოფლიოში კალიის წელია. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა კალიას შეუძლია გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე. წინასწარ განსაზღვრა იმისა, თუ სად მოხდება მათი თავმოყრა, რთულია, თუმცა მონიტორინგის საფუძველზე მაინც ვახერხებთ, დავამუშაოთ ის ადგილები, სადაც კალია გამოჩნება", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია.
როგორც ბიოლოგი დავით თარხნიშვილი გვეუბნება, კალია საკმაოდ საშიში მწერია, რომელიც ძირითადად მარცვლეულ კულტურას ანადგურებს. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია კალიების ასეთი შემოსევა არ ყოფილა. სავარაუდოდ, კალიების ასეთი მომრავლება უხვ მოსავალს უკავშირდება. თარხნიშვილი ამბობს, რომ თუ კალიების რაოდენობა მალე არ შემცირდა და დასახლებულ პუნქტებამდე ჩამოაღწევენ, ეს ადამიანისთვის საფრთხეს არ შექმნის, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მარცვლელულს ანადგურებენ, მათი ნაკბენი კი საშიში არ არის.
"რამდენიმე თვე სჭირდება კვერცხიდან ზრდასრული მწერის გამოსვლას. იკვებება მცენარეულობით, შესაბამისად, თუ გადავიდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, მარცვლოვანებზე განსაკუთრებით, მოაქვს ზარალი. არ ვარ მომხრე შეწამვლის, იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი უარყოფითი გვერდითი შედეგი. როდესაც ხდება შეწამვლა, იქ იღუპება არა მხოლოდ ერთი სახეობის მწერი, რომელიც ამ მომენტში წარმოადგენს პრობლემას, არამედ ბევრი სხვაც, მათ შორის იგივე კალიის ბუნებრივი მტრები, რომლებიც საბოლოო ჯამში დააბალანსებენ მის რიცხოვნობას", - გვითხრა დავით თარხნიშვილმა.
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში წერენ, რომ იტალიური კალია დიდ დიღმისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამოჩდა.
"უკვე იმდენია, მე-15 სართულზეც კი შემოდიან"
"დღეს ტანსაცმელებზე მყავდა, კივილი თუ გესმოდათ ეს მე ვიყავი".
"აივანზე ვეღარ ვჯდები"
"მეც ვერ გავდივარ აივანზე, პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან" , - წერენ "ფეისბუქმომხმარებლები".
მიუხედავად იმისა, რომ შეწამვლითი სამუშაოები აქტრიურად მიმდინარეობს, კალიის განადგურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არადა, აშკრაა, რომ თუ დროულად არ მოხდა ზომების მიღება, მოსავალს შესაძლოა დიდი საფრთხე დაემუქროს.
თიკო გურაშვილი
წყარო: ambebi.ge