რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში - TOP 5 პროდუქტი

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 053.9 მლნ. ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თითქმის ყველა ქვეყანასთან შეუმცირდა. ამ ქვეყნებს შორის მოხვდა რუსეთიც, უფრო კონკრეტულად 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში 188 061.3 ათასი დოლარის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.9%-ით ნაკლებია.

ექსპორტთან ერთად 5%-ით შემცირდა რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობაც და წლის პირველ ნახევარში 396 110.9 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.

მიუხედავად სავაჭრო ბრუნვის შემცირებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი სწორედ რუსეთია, რომლის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.6%-ია. რუსეთის ამ მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთი უსწრებს, რომლის წილმა საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში იანვარ-ივნისში 13.8% შეადგინა.

რაც შეეხება იმ მსხვილ სასაქონლო ჯგუფებს, რომლებიც საქართველოდან რუსეთში გაგვაქვს, ესენია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები,
  • ფეროშენადნობები,
  • მინერალური და მტკნარი წყლები,
  • სპირტიანი სასმელები;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ხორბალი და მესლინი;
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა;
  • მზესუმზირის ზეთი;
  • სიმინდი.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე