ამირან გამყრელიძე - ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, შესაბამისი ჯარიმები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა მკაცრდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს ყველგან.

„სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე. ყველგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა უნდა იყოს პირბადით. მაღაზიაში თუ დახლთან, პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება და ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელები სანიტაიზერით. აუცილებელია ეს და ამაზე იქნება სერიოზული მეთვალყურეობა შესაბამისი ჯარიმებით და შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებებით, რადგან ამ შედარებით მკაცრი ღონისძიებების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.