გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, რომ ის ორ კომპანიაში ZAG-სა და SpryFlash-ში მუშაობდა. კერძოდ, როგორც „ლინქედინზე“ აქვს მითითებული, კომპანიაში „ზეგ“ ის 2017 წლიდან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, ხოლო SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან PHP Developer -ად მუშაობდა.
ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთი, კომპანია „ზეგ“ საქართველოს რეესტრშიც ფიქსირდება. კერძოდ, კომპანია საქართველოში 2015 წელს არის რეგისტრირებული და იმ პერიოდში მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ გეჯაძე, დირექტორი კი თამარ კობერიძე იყო. უკვე 2016 წლის დეკემბრის ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თამარ კობერიძეა, ხოლო 2018 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად უკვე აშშ-ს მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახია. ამ კომპანიის საქმიანობის სფერო - პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერული პროგრამირებაა.
რაც შეეხება, მეორე კომპანიას - SpryFlash-ს, ის ავსტრიული კომპანიაა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს. კომპანიის მთავარი სერვისი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია. აღსანიშნავია, რომ მათი წარმომადგენლობა თბილისში ოფიციალურად არ იძებნება. კომპანიის LInkedIn-ის პროფილიდან კი ირკვევა, რომ ორგანიზაცია 2010 წელს დაფუძნდა და იქ 50 ადამიანამდეა დასაქმებული. Spry Flash-ის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინში მდებარეობს. ავსტრიული კომპანია იუწყება, რომ გოგონამ ეს კომპანია თებერვალში დატოვა.
"ჩვენი საქმიანობა IT კომპანიის სპეციალიზაცია ბიზნესებისთვის ვებ-საიტებისა და აპლიკაციების შექმნაა. თამარ ბაჩალიაშვილი აქ მუშაობდა, არა როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც ქვეკონტრაქტორი. ის დავიქირავეთ "სპრაი ფაიერის" გაფართოების შესაქმნელად, რომელიც IRF პროგრამაა, კომპანიებში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად და ავტომატიზაციისთვის. გაზეთ Georgia Today-ის სტატიაში თამარ ბაჩალიაშვილი მოხსენიებულია კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად. ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ დავადასტურებთ. ის ჩვენთან უმცროს პროგრამისტად მუშაობდა. მას ევალებოდა პროგრამირების სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნა Fhb-ის პროგრამირების ენის გამოყენებით. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდებოდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 21 თებერვლამდე და შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიული ასპექტებით. მას პირადად არასდროს შევხვედრივართ. თანამშრომლობა მთლიანად ხორციელდებოდა ციფრულად. კონტაქტი პროექტის დასრულების შემდეგ არ გვქონია” - კომპანიის განცხადებას ambebi.ge ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს, სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.