ახალგაზრდა წყვილის რაჭული მისია და ოქროს ჯილდო ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - 2020

უკვე მეორე წელია, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ღვინის ბაზარზე კიდევ ერთი ქართული საოჯახო მეღვინეობა იმკვიდრებს თავს, ამჯერად რაჭიდან, ამბროლაურის რაიონ სოფელ ახალსოფლიდან - „წულუკიძე ვაინ-იარდსი“. მეღვინეობაში ამბობენ, რომ მათი მარანი 4 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ 2019 წელს გადაწყვიტეს გაეცნოთ საზოგადოებისათვის მათ მიერ წარმოებული ღვინო, რომელიც აქამდე პოპულარობით მხოლოდ საახლობლო წრეში სარგებლობდა.

„წულუკიძე ვაინ-იარდსი“ ჩვენთვის მეორე შვილივითაა. გამომდინარე იქედან, რომ არ გვაქვს დიდი ვენახი და წლის განმავლობაში მხოლოდ 800-მდე ბოთლის წარმოება შეგვიძლია, ყოველთვის თავს ვიკავებდით ბაზარზე გამოჩენისაგან. თუმცაღა, 2018 წელს, მე და სალომემ (ჩემმა მეუღლემ) მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რატომაც არა, ვინაიდან ჩვენი ღვინო ასეთ მოწონებას იმსახურებს ყველა დამგემოვნებელში, ღირს გარისკვა, თუნდაც ასეთი მცირე წარმოებით. ამ რისკმა კი, ნამდვილად, გაამართლა.

პირველ წელს, 2019-ში, საკმაოდ გამოუცდელები ვიყავით, ადგილობრივ ბაზარზე გაგვიჭირდა ადაპტირება და პოპულარობის მოპოვება, თუმცა აქცენტი ყოველთვის უფრო მეტად ექსპორტზე გვქონდა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენი ნამდვილი რაჭული ალექსანდროული ცნობილ სომელიე - მიქელ ჰუდინს დავაგემოვნებინეთ და მისმა შეფასებამ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვიდექით და ჩინეთში განვახორციელეთ ექსპორტი, ასევე მცირე რაოდენობით გავგზავნეთ სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ჩვენი მთავარი ინტერესი ჩინეთის ბაზარი და იქ ჩვენი ქვევრის ალექსანდროულის პრემიალურ პროდუქტად პოზიციონირება იყო. ასე მოხდა კიდეც.

წელს, პანდემიის ფონზე, შეგვიფერხდა ჩინეთთან მოლაპარაკებები, თუმცა უკვე საბოლოო ეტაპზე გვაქვს მიყვანილი ექსპორტი სხვა ქვეყნებში. წინა წელმა, მართლაც, რომ უდიდესი გამოცდილება შეგვძინა და ახლა უკვე უფრო მყარად ვდგამთ ნაბიჯებს. ინტერესი მით უფრო გამოჩნდა იმპორტიორების მხრიდან, როდესაც გავხდით ოქროს მედლის მფლობელები ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში. ალბათ მთელ რაჭას ესმოდა ჩვენი სასიხარულო შეძახილები. მინდა აღვნიშნო, რომ შარშან, ჩვენი წარმოების პირველ წელს, ბრინჯაო მოვიპოვეთ და წელს უკვე ოქრო ჩვენთვის უდიდესი სტიმული, მოტივაცია და ნახტომი იყო“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეღვინეობის თანადამფუძნებელი ლევან წულუკიძე.

ლევან წულუკიძე ამბობს, რომ კომპანიას წარმოების დაწყება ფერმერთა ასოციაციის მეშვეობით მოპოვებული გრანტის შედეგად გაუადვილდა, რისი მეშვეობითაც მათ რიგი საჭირო დანადგარები შეიძინეს.

„ჩვენი მეღვინე - ზურა წულუკიძე, გულს და სულს აქსვოვს თითოელ მტევანსა და წვეთში, რაც აისახა კიდეც ჩვენი პატარა საოჯახო მეღვინეობის პატარა-პატარა წარმატებებში. ჩვენი მთავარი მისიაა, გავაცნოთ მსოფლიოს რაჭული კულტურა და რაჭული ღვინო. სამნი, მე, ჩემი მეუღლე და მამა, სამი მუშკეტერივით ვდგავართ ამ მისიის წინაშე. ამას გულით ვაკეთებთ და ბრენდინგშიც წულუკიძეების საგვარეულო ციხის რელიეფი გამოვიყენეთ ეტიკეტად და ჩვენი საგვარეულო გერბი. გარდა ამისა, ვცდილობთ რაჭული ისტორიებით გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ღვინის კომუნიკაცია თითოეულ პოტენციურ შემსყიდველთან, რამაც ჩინეთში მაგალითად, დიდი ინტერესი გამოიწვია,“ - ლევან წულუკიძე, თანადამფუძნებელი.

ადგილობრივ ბაზარზე ბოთლის ღირებულება 60-85 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საექსპორტო ფასი, რა თქმა უნდა, ამაზე გაცილებით უფრო მაღალია.

ამ ეტაპზე „წულუკიძე ვაინ-იარდსი“ მხოლოდ ქვევრის წითელ მშრალ ალექსანდროულს (50% მუჯურეთული და 50% ალექსანდროულის ვაზის ჯიშისაგან) აწარმოებს. უახლოეს მომავალში მეღვინეობა გეგმავს აწარმოოს ხვანჭკარა და წულუკიძის თეთრა. ასევე, იგეგმება მარნის რეაბილიტირება და ტურისტების მიღება, უნდა აღინიშნოს, რომ მარანში არაერთი მრავალსაუკუნოვანი ნივთი ინახება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათ.