სულგუნი ჩირებით - ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა

საქართველოს ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა - სულგუნი ჩირჩხელას ჩხირებით. ინოვაციური ყველის შექმნის იდეის ავტორი კომპანია „ჩირჩხელაა“, რომელიც ახალ პროდუქტს კომპანია „ხმალაძეების ფერმასთან“ ერთად აწარმოებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჩირჩხელას“ დამფუძნებელი გური სალუქვაძე აცხადებს, ახალი პროდუქტი კომპანიის მორიგი, გემრიელი და კრეატიული იდეაა: „ხმალაძეების ფერმასთან“ კოლაბორაციის შედეგად კი პირველად დამზადდა საქართველოში სულგუნი ჩირჩხელას ჩირებით და ტყლაპებით. ჩირჩხელები ძალიან ეხამება ღვინოს და სულგუნს, ამიტომ დეგუსტაციებზე ისინი განუყოფელი ქართული ტაბლას ნაწილია“, - აცხადებს დამფუძნებელი.

გური სალუქვაძის თქმით, კომპანია საკუთარ სახელოსნო მარანში ჩირის, ჩურჩხელის და ტყლაპის დეგუსტაციას ხშირად აწყობს. ახალი პროდუქტის შექმნის იდეაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი დეგუსტაციისას გაჩნდა.

„იცით, რომ ჩირი ღვინოს და სულგუნს ძალიან უხდება. ვიფიქრეთ ეს საოცარი შეხამება გაგვეერთიანებინა, ამისთვის დავიწყეთ ყველის ფერმის ძიება. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო - ნატურალურ რძეზე დამზადებული სულგუნი, ანუ ისეთი ნამდვილი, როგორიც ჩირჩხელებია. მეგობარმა გვირჩია „ხმალაძეების ფერმა“, რომლებსაც დმანისის რაიონში აქვთ საწარმო და იქაც ოჯახია ჩართული ამ ბიზნეში. ხმალაძეები საკმაოდ პროგრესულები აღმოჩნდნენ, უფრო მეტიც, გაგვიმართლა, უფროსი შვილს საფრანგეთში აქვს მიღებული ყველის ტექნოლოგიის მიმართულებით განათლება. ფრანგული ყველი ხომ ცნობილია - ამიტომ ბევრი დარწმუნება არ დაგვჭირვებია და ჩვენი კოლაბორაცია შედგა.

გავიარეთ ტესტირების რამდენიმე რეჟიმი. შეაფასეს ექსპერტებმა, რომლებმაც მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს. რაც მთავარია - „ეროვნული“ გამოცდა უკვე ჩავაბარეთ ლაბორატორიას - „უვნებელი და სასარგებლო“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გური სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ეს პიკანტური და უნივერსალური გემო, საოცრად ეხამება ნებისმიერ სასმელს და საჭმელს. დამზადებულია ნატურალურ პასტერიზირებულ რძეზე. ესაა გადაზელილი სულგუნი და ბევრი - თუთის, შავი ქლიავის, მანდარინის, ფეიხოს, ლეღვის, ვაშლის, კივის, ფორთოხლის და სხვა ჩირების და ტყლაპების სინდიკატი.

ცნობისათვის, „ჩირჩხელა“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ამ ეტაპზე „ჩირჩხელას“ ბრენდით 25-მდე სახეობის ჩირი, 10-მდე სახეობის ტყლაპი და 7 სახეობის ჩურჩხელა იყიდება, მათ შორის ტროპიკული ხილის და ბოსტნეულის. პროდუქცია განთავსებულია, სხვადასხვა ღვინის, ყველის და ქართული პროდუქციის მაღაზიაში. კომპანიაში ამ ეტაპისთვის 12 ადამიანია დასაქმებული.