ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს საქართველოს მთავრობა 5.9 მილიონი ლარით აფინანსებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ტობავარჩხილის გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.