პარფიუმერია-კოსმეტიკის ნაწარმი, რომელშიც ტყვია აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეძენილ პარფიუმერია-კოსმეტიკის პროდუქტებში მცირე ოდენობით ტყვია აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმიდან 3 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია აღმოჩნდა, ხოლო 3 ნიმუშზე ეტიკეტირების წესები იყო დარღვეული - პროდუქტები შეიცავდა პარაბენებს (ნორმის ფარგლებში), მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული. 6 ნიმუშში კი შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო, რის შედეგებსაც ცენტრი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ამასთან, ცენტრის ცნობით, შემოწმების მიზნით შეიძინეს - სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: შამპუნები, შხაპის გელები, ბალზამები, ანტიპერსპირანტები და სხვა.

ცენტრის ინფორმაციით, იმ ნაწარმის ჩამონათვალი, სადაც, ტყვია და ეტიკეტირების დარღვევა გამოვლინდა, ასე გამოიყურება:

  • კრემ-დეოდორანტი "ინჯოი" - აღმოჩნდა ტყვია;
  • შხაპის გელი "ნივეა სპა" - აღმოჩნდა ტყვია;
  • ფიტო დეოდორანტი "ჩისტაია ლინია" - აღმოჩნდა ტყვია;
  • თხევადი საპონი "თეო" - ეტიკეტირების დარღვევა;
  • თმის აღმდგენი ბალზამი "ჯენერა - ეტიკეტირების დარღვევა;
  • კონდიციონერი "ვატიკა" - ეტიკეტირების დარღვევა;

„საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული, რომელშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში ერთი ცვლილებაც კი არ შესულა და არ არის გათვალსიწინებული პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოებისადმი თანამედროვე მსოფლიოში არსებული მიდგომები. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანების მიხედვითაც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმშში ტყვია იკრძალება,“-აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.

იხილეთ კვლევა სრულად: პარფიუმერია-კოსმეტიკის შემოწმება

თაია არდოტელი