ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოს დაუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოს დაუახლოვდება. ამასთან, როგორც სებ-ის აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაციის მაჩვენებელი მომავალ წელს მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და საშუალოვადიან პერიოდში მას ქვემოდან მიუახლოვდება.

ანგარიშის თანახმად, ინფლაციური მოლოდინების შემცირების კვალდაკვალ, მოსალოდნელია, რომ ეტაპობრივად გაგრძელდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფაზიდან გამოსვლა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ლარის მსყიდველობითი უნარის დასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება”,-აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის მცირედით გაუარესდა და 2020 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი -4%-დან -5%-მდე შემცირდა.

„პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მობილობა მკაცრად შეზღუდული რჩება, რაც საგარეო შოკს აღრმავებს. თუმცა, წინა პროგნოზის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღება 2021 წლიდან დაიწყება“,-აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.