რა მოგებაზე მუშაობს თურქი ბიზნესმენის კომპანია, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

კომპანიამ „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა“, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა, 2019 წელს 27,004 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანია ამ ეტაპზე 1 სასტუმროს ფლობს და 5 სასტუმრო იჯარით აქვს აღებული.

ცნობისათვის, საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები გასულ კვირას დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაშია დაშვებული. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB. ბირჟაზე 54,476,929 აქცია დაილისტა, თითოს ნომინალი 1 ლარია.

კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ 100%-იანი წილი ეკუთვნის „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგს“. მისი მაჟორიტარი აქციონერია „გალიფ ოზთურქ ტურიზმ იათირიმლარი“, რომელიც ასევე გალიფ ოზთურს ეკუთვნის.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 2019 წლის მონაცემებით, ფლობს 87.570 მლნ ლარის აქტივებს. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი შეადგენდა 27,004 მლნ ლარს (2018 წელს - 18, 292 მლნ ლარი) საოპერაციო მოგება 2.993 მლნ ლარი იყო (2018 წელს - 2,439 მლნ ლარი), წმინდა მოგება კი 2.550 მლნ ლარი (2018 წელს - 2.13 მლნ).

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ 2017 წელს დაარსდა და თავდაპირველად მოიცავდა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ და მასში არსებული რესტორნის მართვას.

2017-19 წლებში კომპანიამ იჯარით აიღო და მმართველობაში დაიმატა კიდევ 4 სასტუმრო: „ბიზნეს ლეჯენდი“, „ინტურისტი“, „მეტრო სქაი თაუერი“ და „აპარტამენტები-ეიფორია“. ამასთან, 2019 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით კომპანია მართავდა „სითი ჰოტელ ბათუმს“. ხელშეკრულება კომპანიამ 2020 წლის მარტიდან კვლავ განაახლა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს „ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ შემოსავალი შეადგენდა 17,366 მლნ ლარს; „ინტურისტის“ – 5,078 მლნ ლარს; „ბიზნეს ლეჯენდის“ – 948 000 ლარს; „სქაი თაუერის“ – 2,889 მლნ ლარს და „სითი ჰოტელ ბათუმის“ – 228 000 ლარს. ამასთან, კომპანიამ გასულ წელს „აპარტამენტები ეიფორიიდან“ 494 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

ელზა წიკლაური