ინგლისში ქვანახშირის ბოლო მაღაროს დახურავენ

ინგლისში ქვანახშირის მომპოვებელი ბოლო მოქმედი, „ბრედლი მაინ-ის“ (Bradley Mine) ტიპის ღია მაღარო, მუშაობას მალე შეწყვეტს. „სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, მაღარომ დაახლოებით 200 წელი იმუშავა და მისი გაფართოება იგეგმებოდა. მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რის შემდეგაც მისი დახურვა გადაწყდა. ბოლო დროს, მაღარო წლიურად 150 ათას ტონა ქვანახშირს მოიპოვებდა.

„სკაი ნუსის“ ინფორმაციით, უელსსა და შოტლანდიაში რამდენიმე პატარა მაღარო აგრძელებს მუშაობას, თუმცა ისინიც მალე დაიხურება. ბოლო მათგანის დახურვა 2022 წლის ოქტომბერში არის დაგეგმილი. ეს იმ დროს, როცა ბრიტანეთში ქვანახშირზე წლიური მოთხოვნა 8 მილიონ ტონას აღწევს. როგორც „სკაი ნიუსი“ აცხადებს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამერიკული და რუსული ნახშირით იგეგმება.

ბრიტანთში ეკოლოგებს ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროების წინააღმდეგ, ძლიერი მოძრაობა აქვთ გაჩაღებული. ისინი მოითხოვენ, რომ ქვეყანამ ქვანახშირის მოხმარება თანდათან განახლებადი რესურსებით ჩაანაცვლოს. სწორედ მათ ჩაშალეს მაღაროს მფლობელთა გეგმები, რომლებიც მოპოვების გაფართოებას ითვალისწინებდა. გაფართოების შემთხვევაში, მაღარო რენტაბელობას ინრაჩუნებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა.

ცნობისათვის, ბრიტანეთში ბოლო დახურული, „კელინგლის“ მაღარო ხუთი წლის წინათ დაიხურა და მას შემდეგ, მოპოვება მხოლოდ ღია კარიერებზე ხდება.