მოქალაქეებს ბავშვებზე 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მუნიციპალური სერვისცენტრებისთვის მიმართვაც შეუძლიათ

მოქალაქეებს, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო 18 წლამდე ბავშვებზე 200-ლარიანი დახმარების მისაღებად აპლიკაციის შევსებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებს მიმართონ. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის მოქალაქეებს თბილისის მასშტაბით 11 მუნიციპალური სერვის ცენტრი მოემსახურება.

„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეები მიიღებენ 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ჩვენი 11-ვე სერცისცენტრი მოემსახუროს მოსახლეობას. არის კატეგორია მოქალაქეების, ვისაც შეიძლება ინტერნეტი არ ჰქონდეს, გაუჭირდეს აპლიკაციის შევსება. შესაბამისად, მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს, აუცილებლად მიმართეთ თქვენივე რაიონში არსებულ მუნიციპალურ სერვის ცენტრებს. ერთი გვაქვს ცენტრალური, აქ, მერიაშიც შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენივე რაიონშიც. 10- ვე რაიონში არსებობს მუნიციპალური სერვისები, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგემსახურებიან, დაგეხმარებიან აპლიკაციის სწორად შევსებაში, იმისთვის, რომ თქვენ, ვისაც გაქვთ ამის აუცილებლობა, მიიღოთ 200-ლარიანი დახმარება,"- განაცხადა კალაძემ.