გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამის “სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მიზანია, ადამიანებს ბიზნესის წამოწყებაში ხელი შეუწყოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამის “სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ადამიანებს ბიზნესის, საკუთარი საქმის წამოწყებაში. როგორც მან ამბროლაურში, პროექტის პრეზენტაციაზე განმარტა, დღეს საქართველოში 80 საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიცის 24 სახლში შესაძლებელია იმ მომსახურეობით სარგებლობა, რისთვისაც აქამდე თბილისში ჩასვლა იყო საჭირო.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი არის გადამზადებული, რომლებიც მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ.

„მოგეხსენებათ, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ კონკრეტული პროგრამები მიიღო, როგორც „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურენობის სამინისტროს, ტურიზმის განვითარების სააგენტოს ფარგლებში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თბილისში იყო თავმოყრილი. ამის მიუხედავად, ჩვენმა ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა სხვასდასხვა პროგრამით. მილიარდ ნახევარზე მეტი გაიცა სესხის სახით და შეიქმნა ათობით ათასი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ცალკე აღებულ მოქალაქეს სთავაზობს. მიგვაქვს მოქალაქესთან სერვისი იქ, სადაც ის ცხოვრობს. დღეს საქართველოში 80 საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის 24 სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტად ის მომსახურება, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, მისულიყავით ერთ, მეორე, მესამე სამინისტროში, ბანკში და ასე შემდგომ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი არის გადამზადებული, რომლებიც პირდაპირ მოგაწვდიან არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ მოგემსახურებიან. ხელმოწერის დონეზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება ამბროლაურში და სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში. ამის მიზანი არის ის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში“,-განაცხადა გახარიამ.