პრემიერი - თეთრიწყარო უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს

თეთრიწყარო უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქციაა თითოეულ მოქალაქეს თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი პირობები შეუქმნას.

„თეთრიწყარო მაგალითია იმის, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს განვითარებისთვის ცალკეულ მუნიციპალიტეტს.

თეთრიწყარო გარდა იმისა, რომ ბარაქიანი მიწის მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს.

უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდეგ რეგიონი და საბოლოოდ, ქვეყანა“,-განაცხადა პრემიერმა.