„რეფორმის შემდეგ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა ლოდინის დრო 7-15 წუთით განისაზღვრება"

რეფორმის დასრულების შემდეგ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრთა ლოდინის დრო 7-15 წუთით განისაზღვრება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ რეფორმა „თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნის“

პრეზენტაციისას განაცხადა, მერიამ უკვე შეიძინა 18 მეტრი სიგრძის მქონე ავტობუსები და ასევე, კიდევ ჩამოდის 13 მეტრი სიგრძის ავტობუსები.

მისი თქმით, გაზაფხულიდან თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ.

„რეფორმის დასრულების შემდგომ, როდესაც ჩვენ ყველა ავტობუსს შევიძენთ, თბილისში ავტობუსებს ერთდროულად შეეძლებათ 84 000 ადამიანის გადაყვანა. რაოდენობა გაორმაგებული იქნება. დერეფნის მოწყობის შემთხვევაში იქნება ბევრად უსაფრთხო მდგომარეობა. ვიცით, რომ თბილისი საავტომობილო შემთხვევებით გამოირჩევა და სტატისტიკური მონაცემები მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმძიმესი გვაქვს. ამიტომ, ეს მომენტიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი გეგმით დაიფარება მთელი თბილისი. ყველა უბანს, მათ შორის, თბილისს შემოერთებულ სოფლებს თანაბარი წვდომა ექნებათ გადაადგილებაზე და ისინი ავტომობილზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ, იქნება ის, რომ მოლოდინის დრო საშუალოდ შემცირდება და იქნება 7-15 წუთი. ეს მიიღწევა იმით, რომ ავტობუსები ივლიან თავიანთ ზოლში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ბითაძის განმარტებით, თბილისის მერიის მიზანია მგზავრთა გადაადგილების პროცედურის გაუმჯობესება.

„თბილისის სატრანზიტო დერეფანში ძირითადად ივლიან 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები. 44 საქალაქო მკვებავ ხაზზე, სადაც ადამიანებს გადასხდომა უწევთ 10 ძირითადი დერეფნის გამზირებზე, იქ ივლიან 8-10-მეტრიანი ავტობუსები. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია სამარშრუტო ტაქსები - 185 საქალაქო ხაზი და მთავარი დერეფნის მკვებავი ლოკალური მონაკვეთები. ეს არის ის გათვლები, რომლის მიხედითაც ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელმაც ქალაქში გადაადგილება ნამდვილად უნდა გააუმჯობესოს. დერეფანი პრაქტიკულად, ძირითად გამზირებს მოიცავს. გორგასლის და უნივერსიტეტის ქუჩები, რუსთაველის, ქეთევან დედოფლის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირები, ქავთარაძე და ის ძირითადი ქუჩები, რომლებზეც ყოველდღიურად გადავაადგილდებით. ჩვენი მიზანია, რომ ამ ქუჩებზე 10-15 წუთში ერთხელ იარონ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა და ერთდროულად გადაიყვანონ 150 მგზავრი“, - განაცხადა ბითაძემ.