ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ 6 მილიარდ ლარზე მეტი საგარეო ვალის აღება მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით პრობლემას არ ქმნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წელს მთავრობის მიერ 6 მილიარდ ლარზე მეტი საგარეო ვალის აღება მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით პრობლემას არ ქმნის.

როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, აღნიშნული თანხა იმ 1.5 მილიარდ დოლარს მოიცავს, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზევე იყო მობილიზებული ანტიპანდემიური ღონისძიებებისთვის.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაისად შეიძლება 1.5 მილიარდი სრულად არ დაგვჭირდეს, თუმცა თუ ჩვენს ეკონომიკას, სოციალურ პროექტებს, მოსახლეობას დასჭირდა ეს თანხა, ის ხელმისაწვდომია.

რაც შეეხება იმას, უნდა გვაწუხებდეს თუ არა ამდენად გაზრდილი საგარეო ვალი, პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა ქვეყანამ სწორედ საგარეო სესხს მიმართა, რომ ყველა აუცილებელი ღონისძიება დაზღვეული ჰქონოდა. გარდა ამისა, ეს არ ქმნის პრობლემას მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით და სწორედ ამის დასტურია „S&P” -ის გადაწყვეტილება, უცვლელად დატოვოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რაც ქვეყნის მაღალი გადახდისუნარიანობის ნიშანია”,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, 2020 წელს მთავრობა საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.