"ჯარიმას აზრი და ძალა აქვს მაშინ, როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ის იქნება გადასახდელი"

მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ჯარიმების ჩამოწერას არ განიხილავს.

„ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ გაზრდილი შიდა მობილობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჯარიმას აზრი და ძალა აქვს მაშინ, როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ის იქნება გადასახდელი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკურორტო სეზონია, გაზრდილია შიდა მობილობა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დავიცვათ პროტოკოლები. ბევრგან შესუსტებულია პროტოკოლების დაცვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონტროლი კვლავინებურად მკაცრი დარჩეს. აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“,-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 1 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა შპს-სთვის 10 000 ლარი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეებისთვის 2 000 ლარია.