"რომ არ ჩაიკეტოს აჭარა და ბათუმი, მოგიწოდებთ უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია"

აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, რომ უმკაცრესად იქნას დაცული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ყველა არსებული რეკომენდაცია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

"ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება თუმცა მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ერთ-ერთ სტუმარს ვირუსი დაუდასტურდა. მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 5 პირი, გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ყველა სტუმარს და სასტუმროს პერსონალს ჩაუტარდება კვლევა. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაუფიქსირდა N7 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს. აჭარის მთავრობა მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლებს და მგზავრებს მოუწოდებს, ტესტირების ჩატარებისკენ.