„ახლო მომავალში რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანა იგეგმება”

„რითეილ გრუპ ჯორჯია“ ახლო მომავალში რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანას აანონსებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ივლისში თბილისი მოლში Ipekyol-ის მაღაზია უკვე გაიხსნა, რომელსაც კიდევ რამდენიმე ბრენდი დაემატება. თუმცა, კონკრეტულად რომელი, „რითეი გრუპ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.

ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

კითხვაზე, თუ როგორ შეძლეს "რითეილ გრუპ ჯორჯიაში" შემავალმა ბრენდებმა პოსტ პანდემიური პირობების გადატანა, კომპანიაში აცხადებენ, რომ იყო რთული, თუმცა დაძლევადი.

„პანდემიის პერიოდი და მაღაზიების ორ თვეზე მეტი ხნით დახურვა, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევა იყო “რითეილ გრუპ ჯორჯიაში” შემავალი ბრენდებისთვის როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს მასშტაბით. ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების წინაშე გააზრებული პასუხისმგებლობის გამო ჩვენ მაღაზიები ოფიციალურად გამოცხადებულ თარიღზე ადრე დავკეტეთ და გავიხსენით 1-ელ ივნისს, რეგულაციების სრული დაცვით.

გახსნიდან გასული 3 თვის შეფასებამ დაგვანახა ჩვენი პროგნოზების სისწორე, აღნიშნული პერიოდი რა თქმა უნდა, იყო რთული, თუმცა დაძლევადი. ამ ეტაპზე ჩვენი ყველა მაღაზია ახალ, შემოდგომა-ზამთრის სეზონს იწყებს ახალი კოლექციებითა და განახლებული შეთავაზებებით. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, ამ სეზონიდან დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.

რაც შეეხება სიახლეებს, ივლისში თბილისი მოლში ახალი ბრენდის Ipekyol-ის მაღაზია გავხსენით. ეს ბრენდი საკმაოდ პოპულარულია მოდის მოყვარულ ქალბატონებში და მოხარულები ვართ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, მაინც მოვახერხეთ მაღაზიის დროულად გახსნა და მათთვის ბრენდის ულამაზესი საზაფხულო კოლექციის წარდგენა.

ახლო მომავალში იგეგმება კიდევ რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანა, ასევე გვექნება გარკვეული სიახლეები ონლაინ კომერციასთან დაკავშირებით“,- აცხადებენ „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“.

ნინი ქეთელაური