დღეს უამრავი რეგულაციის შემოღების დრო არ არის, რადგან სამშენებლო ბიზნესს სჭირდება მყარად ფეხზე დადგომა - მალხაზ კუნელაური

„დღეს უამრავი რეგულაციის შემოღების დრო არ არის, რადგან სამშენებლო ბიზნესს, რომელიც არის ასეთი მსხვილი აქტორი ეკონომიკაში, სჭირდება მყარად ფეხზე დადგომა“,- ამის შესახებ “რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცეამში „საქმე“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მთავრობის პროექტი, რომლითაც იპოთეკური სესხების 4% სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირდება, კარგია, თუმცა ეს მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს შეეხება. ზოგადად ბიზნესის ხელშესაწყობად კი, უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

„ამ პროგრამასთან დაკავშირებით მოლოდინები იყო და დღესაც შედეგი გვაქვს ის, რომ რაღაც სეგმენტის გაყიდვებს ასტიმულირებს, თუმცა ამას ხელშესახები მაჩვენებელი, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით, ეს ცუდია. პირიქით, დღეს კრიზისულ სიტუაციაში ბიზნესს რაც დაეხმარება, რომ თუნდაც მცირე ოდენობით გაყიდვები დაუსტიმულიროს, არის კარგი.

ერთი კონკრეტული ფორულა იმისთვის, რომ თუნდაც პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დავაბრუნოთ უძრავი ქონების გაყიდვები, არ არსებობს. იმიტომ, რომ თვითონ სამშენებლო და ზოგადად ბიზნესი დაკავშირებულია ბევრ კომპლექსურ ღონისძიებებთან და მათი ერთობლივი განხორციელების შემთხვევაში ვაღწევთ წარმატებას. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ბიუჯეტიდან იხარჯება თანხა, თუმცა წარმოიდგინეთ, ყველა იმ დასუბსიდირებულ კონკრეტულ პროცენტს თან ახლავს გაყიდვები“,-აცხადებს მალხაზ კუნელური.

მისი თქმით, კრიზისულ ვითარებაში სამშენებლო სექტორისთვის ყველზე კარგი დახმარება იმ რეგუალციების გადავადება იქნებოდა, რომელიც შესაძლოა, ევროდირექტივის ნაწილია, თუმცა ამ ვითარებაში ბიზნესისთვის დამატებით წნეხს წარმოადგენს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამშენებლო ბიზნესი წლების განმავლობაში წარმოადგენს მყარად და მდგრადად განვითარებად სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში, ამასთან, ქმნის ამდენ სამუშაო ადგილს, ეს უკვე საკმარსია, რომ ამ კონკრეტულ დარგს, ასეთ კრიზისულ ვითარებაში ბევრი წნეხი მოვხსნათ. დღეს უამრავი რეგუალციის შემოღების დრო არ არის, რადგან სამშნებლო ბიზნესს, რომელიც არის ასეთი მსხვილი აქტორი ეკონომიკაში, სჭირდება მყარად ფეხზე დადგომა. შესაბამისად, რეგულაციები, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სტანდარტებით იყოს სამართლიანი, ჩვენ ქვეყანაში დღეს ამის პირდაპირ გადმოტანა უნდა გადავადდეს.

ჩვენ ორი უკიდურესობა გვქონდა, იყო რეგულაციები, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობდა. იყო ძალიან მინიმალისტური, რამაც ქაოტურ მშენებლობას შეუწყო ხელი. მერე წავედით იქითკენ, რომ დაგველაგებინა ეს სტიუაცია, მაგრამ აღმოვჩნდით იმ ეტაზე, სადაც უკვე უამრავი რეგულაციაა. მათ შორის, დაწყებული 41-ე დადგენილებიდან, რომლის შედგომ ასახვა და ზოგადად გადაწყვეტილების მიღება უჭირს ბიუროკრატიას. იმიტომ, რომ ხშირად თავადაც ვერ ეწევიან რეგულაციებს. იგივეა რეგულაცია სახანძრო უსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ვერავინ იტყვის, რომ არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სისტემატიზირებული ბაზა, რა უნდა დავაკმაყოფილოთ. აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი ყველა ნორმა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ სწრაფად მოახდენს ამაში ადაპტირებას ბიზნესი, ან საჯარო სექტორი?!

იგივე, ენერგოეფექტურ მშენებელობა, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მომდევნო წლიდან უკვე ემატება სავალდებულო რეგულაცია, რომელიც თავისი შინაარსით კიდევ გააძვირებს უძრავ ქონებას. იმიტომ, რომ მართალია, ენერგოეფექტური მასალების რაღაც ნაწილს ჩვენ ისედაც ვიყენებთ, მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტზე ვაშენებთ შენობებს, მაგრამ როდესაც ყველასთვის სავალდებულო გახდება, ეს კიდევ უფრო გააძვირებს ბაზარზე უძრავ ქონებას.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სექტორსა და მომხმარებელს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბალანსი არ დაგვერღვეს. დანარჩენი ყველაფერი მისაღებია, ოღონდ ისტერესი უნდა იყოს, რომ სამშენებლო ბიზნესი, დასაქმებული ადამიანები და ის დარგები, რომელიც მიბმულია მასზე, არ ჩავაყენოთ კრიზისულ და გაუგებარ ვითარებაში“,-განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

ნინი ქეთელაური