LVMH-მა Tiffany-ს ყიდვაზე უარი თქვა

ფრანგულმა ფუფუნების საგნების მწარმოებელმა კომპანიამ LVMH ოთხშაბათს უარი განაცხადა ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany & Co-ს 16 მილიარდ დოლარად შეძენაზე.

ეს შეთანხმება შეიძლებოდა გამხდარიყო უმსხვილესი ლუქს კლასის პროდუქციის ბაზარზე და მასზე საუბარი პანდემიამდე დაიწყო. როგორც ჩანს, საბოლოდ შეთანხმების ჩაშლის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა, რომელმაც სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა.

LVMH-ში აცხადებენ, რომ მათ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე წარედგინათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, რომელშიც იყო თხოვნა, გადადებულიყო აღნიშნული კონტრაქტის გაფორმება 2021 წლის 6 იანვრამდე. მიზეზად კი აშშ-ის მხრიდან ფრანგულ ნაწარმზე საბაჟო ტარიფის შესაძლო დაწესება სახელდება. გარდა ამისა, კომპანიას კონტრაქტის გადადება 24 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე სთხოვა თავად Tiffany-მაც.

„შედეგად, LVMH ვერ შეძლებს Tiffany & Co-ს შესყიდვის პროცესის დასრულებას“, - წერია განცხადებაში.

Tiffany-მ ფრანგული კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ამერიკული კომპანიის აზრით, LVMH-მა არ შეასრულა პირობა, რომელიც ანტიმონოპოლიური სამსახურებისგან ნებართვის მიღებას ეხებოდა.

კოკა კვირკველია