6 თვეში ჯანდაცვის უწყებამ COVID 19-ის გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების ღონისძიებებზე 37 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

6 თვის განმავლობაში COVID – 19-ის მასიური გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების ღონისძიებებზე ჯანდაცვის სამინისტრომ 37 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, - ამის შესახებ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული თანხა შემდეგი მიმართულებით დაიხარჯა: შესყიდული და სხვადასხვა უწყებებში გადაცემულია ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, დეფიბრილატორები, სუნთქვის აპარატები, პაციენტის დაკვირვების მონიტორები, უკონტაქტო 14 ელექტრო თერმომეტრები, თხევადი სამედიცინო ჟანგბადები და სხვა. გარდა ამისა, გაწეულია ხარჯი საკარანტინო ზონების მოწყობისათვის. ასევე, განხორციელდა საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება/სამედიცინო მეთვალყურეობა, საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალით და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საეჭვო და დადასტურებელი შემთხვევის მართვა და მათი სტაციონარული მკურნალობა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული არეებიდან შემოსული საქართველოს 32 751 მოქალაქისთვის სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რაზეც 6 თვეში 38 მლნ ლარის დაიხარჯა.