კახა კალაძე - რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და პრობლემები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა

ჩვენი ყოველდღიური ქმედებებითა და გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ წარმატების ისტორიები. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ძლიერი რაიონები, რეგიონები ეს არის ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატებით არც მოქალაქეები არიან კმაყოფილები და არც ხელისუფლება.

„ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ეს ქალაქი, მინიციპალიტეტი, ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უფრო უკეთ და შეძლებულად ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და პრობლემები, ამას სჭირდება 24 -საათიანი მუშაობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურასა და ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, 2012 წლიდან მოყოლებული, თუ როგორ ვახერხებდით წარმატებებისა და გამარჯვევების მიღწევას, ეს განპირობებული იყო ერთად დგომით, გუნდური მუშაობითა და ერთიანი ძალისხმევით", - განაცხადა კალაძემ.