ფქვილი უკვე 2-3 ლარით გაძვირდა - „ფასი მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე კი არა ლარის კურსზეცაა დამოკიდებული“

რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი კვლავ იზრდება. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, ფასმა 23 დოლარით მოიმატა. საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი იმპორტირებული პროდუქტი 1 თვეში 70 ლარით გააძვირა გაუფასურებულმა ლარმაც.

თუ სექტემბრის პირველ კვირაში რუსეთში ხორბლის ღირებულება 212 დოლარი იყო, დღეს მისი ფასი 235 აშშ დოლარია. რუსული მედია წერს, რომ მიზეზი თურქეთის, ეგვიპტის და სხვა იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნაა.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გაძვირდება თუ არა მეტად ფქვილი, სრულად ლარის კურსზეა დამოკიდებული.

,,ტენდერები, როგორც თურქეთში, ასევე არაბულ სამყაროში და ეგვიპტეში უკვე დამთავრდა, სადაც რუსეთმა გაიმარჯვა. გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი რუსულ ხორბალზე. ეს, სავარაუდოდ, პანდემიის გამო შიშს უკავშირდება, რის გამოც ქვეყნები აკეთებენ მარაგებს. შედეგად კი მათი საექსპორტო ხორბლის ღირებულება გაიზარდა იმდენად, რომ გაუთანაბრდა ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ და მოთხოვნად, ფრანგული ხორბლის ფასს. მაინც მგონია, რომ ეს არის, მაქსიმალური ფასი და უკვე უნდა გაჩერდეს.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ფასი მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე კი არა ლარის კურსზეცაა დამოკიდებული, ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, რა იქნება მომავალში. ამ ეტაპზე კი 1 ტომარა, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 2-3 ლარითაა მომატებული და 49-53 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურებას არ გააგრძლებს, ამ ფასის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. ყველაფერი მაინც ერთი თვის პერსპექტივაში გამოჩნდება, ლარის და რუსული ხორბლის ფასის კუთხითაც“, -განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სილაგავამ.

შეგახსენებთ, საქართველო სრულად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო 100%-ით რუსულ ხორბალს მოიხმარს. 2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 314 588 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

თამარ მუკბანიანი