დღეიდან საქართველოში თავდაცვის ძალებს ახალი სამკერვალო ფაბრიკა მოემსახურება. საუბარია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ „დელტა ტექსტილზე“, რომელმაც სამკერვალო ფაბრიკა „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეიძინა.
სამკერვალო კომპლექსი „ჯეო-ემ-ტექსი“ 2015 წელს დაფუძნდა. მას მართავს შპს „ევროტექსი“, რომელიც "მონკლერის" მანუფაქტურის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია „ევროტექსს“ დიდი გამოცდილება აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სამკერვალო ფაბრიკების მართვის საქმეში. ფაბრიკაში მუშაობს რამდენიმე საწარმოო ხაზი, რომელიც აღჭურვილია იტალიური და იაპონური უმაღლესი სამკერვალო ტექნოლოგიებით. ფაბრიკას შეუძლია აწარმოოს ყველა სახის ტანსაცმელი.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2015 წელს რამაზ საღარაძემ (40%) და ლაშა ბაგრატიონმა (60%) დააფუძნეს. 2020 წლის 31 ივლისის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი რამაზ საღირაძე იყო, ის იყო ასევე კომპანიის დირექტორი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა დღემდე უკავია. მოგვიანებით, 14 აგვისტოს „დელტა ტექსტილი“ „ჯეო-ემ-ტექსის“ 25%-იანი წილის მფლობელი გახდა. რეესტრის 22 სექტემბრის ამონაწერით, კი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია „ჯეო-ემ-ტექსში“ უკვე 49%-იან წილს ფლობს.
რაც შეეხება „დელტა ტექსტილს“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტაა. „დელტა ტექსტილი“ 2020 წლის 3 აგვისტოს დაფუძნდა, მისი დირექტორი არის მაია უსანეთაშვილი.