„საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ვრცელდება, როგორც აზეირბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში"

საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აბსოლუტურად შეუფერხებლად ვრცელდება, როგორც აზეირბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების მიერ საზღვრის კვეთები კონფლიქტის განახლების მომენტიდან არ შეცვლილა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჩვენს რეგიონში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის და რასაკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანის, სომხეთის ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისთვის. ამ თვალსაზრისით, საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აბსოლუტურად შეუფერხებლად ვრცელდება, როგორც აზეირბაიჯანთან , ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთები რომ ავიღოთ, არ შეცვლილა კონფლიქტის განახლების მომენტიდან. დაახლოებით, 750-დან 800-მდე სატვრთო ავტომობილი სამოქალაქო ტვირთით ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვარს. უფრო მეტიც, სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვის უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის და უზრუნველყოფისთვის, ავამოქმედეთ საბაჟო გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობით ემსახურება ტვირთებს, სომხეთის მიმართულებით და პირიქით სომხეთიდან გამავალი სატრანზიტო ტვირთებს ინტენსივობა ძალიან მაღალი აქვთ, კვეთები ძალიან მაღალია და ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არ ექნება“, - განაცხადა თურნავამ.