რა ღირს 1 და 2-ოთახიანი ბინების დაქირავება თბილისში -SS.ge-ს სტატისტიკა

თბილისში გასაქირავებელ ბინებზე ფასები კლების ტენდენციას ინარჩუნებს.

მარტიდან დღემდე დედაქალაქის უბნებში უძრავი ქონების გაქირავების ღირბულება საშუალოდ 30-დან 60 ლარამდე შემცირდა. შემცირება შეეხო ფაქტობრივად, ყველა ტიპის ბინას, როგორც მცირე ფართის, ასევე დიდ ბინებსაც. გასაქირავებელი ბინის ფასი კი დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე, ოთახების რაოდენობაზე და თუ როგორ გამოიყურება იგი.

SS.ge-ს სტატისკური მონაცემების მიხედვით, სექტემბერიდან გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნის მცირედი ზრდა ძირითადად სტუდენტების მხრიდან შეინიშნება, თუმცა მოთხოვნა ძირითადად დაბალბიუჯეტიან ბინებზე ფიქსირდება.

6 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების სააგენტო SS.ge-ს ვებ-გვერდზე 3 235 ერთეული 1-ოთახიანი ბინა ქირავდებოდა.

SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მარტიდან დღემდე 1-ოთახიანი ბინის გაქირავებაზე ფასი ზოგიერთ უბანში შემცირდა, ზოგიერთში კი იგივე შენარჩუნდა. მაგალითად, თუ მარტში დიდუბე-ჩუღურეთში 1-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასი საშუალოდ 537 ლარს შეადგენდა, სექტემბერში მისი ფასი 476 ლარამდე ჩამოვიდა.

რაც შეეხება სხვა უბნებს, გლდანი-ნაძალადევში - 392 ლარამდე რჩება, ვაკე-საბურთალო - 666-დან 615 ლარამდე შემცირდა, ისანი-სამგორში - 457-დან 405 ლარამდე, ხოლო ძველ თბილისში საშუალო ფასი 868 ლარიდან 663 ლარამდე ჩამოვიდა.

6 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების სააგენტო SS.ge-ს ვებ-გვერდზე გასაქირავებელ ბინებში ყველაზე მეტი 16 749 განცხადება 2-ოთახიანი ბინებზე ფიქსირდება.

საანგარიშო პერიოდში 2-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასიც, 1-ოთახიანების მსგავსად შემცირდა.

SS.ge-ს ინფორმაციით, თუ მარტში დიდუბე-ჩუღურეთში აღნიშნული ტიპის ბინის გაქირავების ფასი 995 ლარს შეადგენდა, სექტემბერში მისი ფასი 832 ლარი გახდა. რაც შეეხება სხვა უბნებს, გლდანი-ნაძალადევში - 711 იყო და 699 გახდა, ვაკე-საბურთალო - 1173-დან 1080 ლარამდე ჩამოვიდა, ისანი-სამგორი - 891-ლარიდან 812 ლარამდე შემცირდა, ხოლო ძველ თბილისში საშუალო ფასი 1351 ლარიდან 1243 ლარამდე ჩამოვიდა.

ლიკა ამირაშვილი