„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით მოცვის პლანტაციები გაშენდება. ბანკმა 336 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 12 ჰა ტერიტორიაზე მოცვის პლანტაციების გაშენებას მოხმარდა.

როგორც „საქართველოს ბანკიდან“ იუწყებიან, ბანკის მიერ, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა მიწის დამუშავებას, ნერგების შეძენასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა.

მათივე ინფორმაციით, კოოპერატივმა „ოქროს ბეღელი“ პლანტაციები მიმდინარე წლის ივნისში გააშენა და უკვე მოჰყავს 28 ტონამდე მოცვი. წარმოებულ პროდუქციას კოოპერატივი ყიდის, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროექტში 15 ადამიანია დასაქმებული.

„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი, მხარი დაგვეჭირა აგროსექტორისთვის და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას “, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.