როგორ შეცვალა პანდემიამ შიდა ფრენებზე მოთხოვნა  - აეროპორტების გაერთიანება

შიდა ფრენებზე მოთხოვნა სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. თუ ფრენების აღდგენიდან დღემდე მესტიის მიმართულებით მგზავრთნაკადი შემცირდა, ამბროლაურში პირიქით, გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, 2020 წლის ივლის-სექტემბერში, მესტიის მიმართულებით, რეისების რაოდენობა 62%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 53%-ით შემცირდა. ამბროლაურის მიმართულებით კი, რეისები 7%-ით შემცირდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, ის 32%-ით არის გაზრდილი.

უწყებაში ამბობენ, რომ მესტიის მიმართულებით რეისების კლება 10 აგვისტოდან-3 სექტემბრამდე მუნიციპალიტეტის ჩაკეტვამ განაპირობა. ამბლორალაურის მიმართულებით კი, მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

,,ფრენებს ნატახტარი- მესტიის მიმართულებით: მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტი 2020 წლის 24 ივლისი - 30 სექტემბრის პერიოდში სულ მოემსახურა 33 რეისს და 1 122 მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით რეისების რაოდენობის კუთხით 62%-იან, ხოლო მგზვართნაკადის კუთხით 53%-იან კლებას შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეული რეისის დატვირთულობა 2020 წელს 77%-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით მხოლოდ 2%-ით არის ნაკლები. აღსანიშნავია, რომ დაბა მესტია 10 აგვისტოს გართულებული ეპიდსიტუაციის გამო ჩაიკეტა. რის გამოც 10 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში ფრენები შეჩერებული იყო.

რაც შეეხება ფრენებს ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულებით: ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტი 2020 წლის 24 ივლისი - 30 სექტემბრის პერიოდში სულ მოემსახურა 27 რეისს და 918 მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით რეისების რაოდენობის კუთხით 7%-იან კლებას შეადგენს, ხოლო მგზვართნაკადის კუთხით 32%-იან მატებას. თუმცა აღსანიშნავია რომ თითოეული რეისის დატვირთულობა 2020 წელს 71%-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 4%-ით მეტია.“-ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, 24 ივლისიდან თბილისსა და ბათუმს შორის ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია აკ-ეარ ჯორჯია, „ემბრაერ ე120“-ის ტიპის ხომალდით, რომლის მაქსიმალური ადგილების ოდენობა 30-ს შეადგენს. 24 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში, თბილისი-ბათუმის საჰაერო ხაზზე სულ განხორციელდა 22 რეისი და იმგზავრა 842-მა მგზავრმა.

ცნობისთვის, რეისზე ნატახტარი–მესტია ბილეთის ფასი უფროსებისთვის 90 ლარია, 30%-იანი ფასდაკლებაა 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის, ხოლო სამ წლამდე ბავშვების ფრენა უფასოა. ქუთაისიდან მესტიაში ბილეთის ფასი 50 ლარია, ასევე 50 ლარი ღირს ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენა. თბილისი-ბათუმის ავიარეისზე ბილეთის ფასი კი 125 ლარს შეადგენს. ფასები 2018 წლიდან დღემდე არ შეცვლილა.

თამარ მუკბანიანი