„საქართველოში წელს ყოველ მე-9 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდება, ხოლო ყოველი 23-ე სიღარიბეში აღმოჩნდება“

2020 წელს საქართველოში ყოველ მე-9 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდება, ხოლო ყოველი 23-ე სიღარიბეში აღმოჩნდება.

ამის შესახებ, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის „მსოფლიო ბანკის“ მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის უახლეს გამოცემაშია აღნიშნული.

კერძოდ, ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160 ათასი მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 ათას ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ, რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს.

„საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 6 პროცენტით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი