მიმდინარე თვეში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 10-მდე ობიექტი დაჯარიმდა

მიმდინარე თვეში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 10-მდე ობიექტი დაჯარიმდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ჯამში, დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 130 000-მდე კომპანია.

„ვახორციელებთ როგორც შემოწმებას, ასევე ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც ვმუშაობთ. რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, მიკროავტობუსებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვახდენთ ზედამხედველობას. ავტობუსის დაძვრა არ ხდება, სანამ ყველა მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, ან როდესაც შემოწმებას ვახორციელებთ გეგმურად, იმ მგზავრების ჩამოსმა და სანქცირება ხდება, ვინც პირბადეს არ ატარებს. სხვა შემთხვევაში, არაერთგზის მოვუწოდებთ კომპანიებს, დამსაქმებლებს და დასაქმებულებს, რომ ესაა ყველას უსაფრთხოებისთვის. სადაც კრიტიკული დარღვევები გვხვდება, ასეთი შემთხვევებიცაა და მიმდინარე თვეში იყო 10-მდე ობიექტი, სადაც სანქცირების მექანიზმი გამოვიყენეთ, ესაა 2 000 ლარი ფიზიკური, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.