რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიპოვა და ამაში სოლიდური თანხა გადაიხადა.
ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხიდაშელი საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ეს კომპანია კი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, მათ შორის ტელეკომ მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა. კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს INTRACOM-ის შემოსავალი - 136.6 მილიონი ევრო, წმინდა მოგება კი, 1.7 მილიონი ევრო იყო.
კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული "ჩასტელ როუპ"-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК "Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
14 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში შემოწირულობის სახით, 1.2 მილიონი ლარი შეიტანა საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა.
საინტერესოა, რომ "პანამის დოკუმენტებშიც" იძებნება დავით ხიდაშელის გვარ-სახელი. ის მოხსენიებულია, როგორც INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED - ის წილის მფლობელი, - წერს „ამბები.გე“.