გიორგი გახარია კომპანიებს აფრთხილებს - „პირადად გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე გასართობმა დაწესებულებამ მუშაობის გაგრძელება პოლიტიკური შეფერილობით სცადა, თუმცა, ყველა მათგანი დაჯარიმდება.

როგორც გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანიებს მსგავსი ქმედებებისთვის უმკაცრესი პასუხი მოეთხოვებათ.

„ჩვენ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ყველანაირად ვუდგავართ ბიზნესს გვერდით, ისევე, როგორც სოციალური თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებსაც. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ეს არ არის ის დროს, როდესაც ბიზნესი შეძლებს წარმატებას ან თავის გადარჩენას მარტო მთავრობის და ხელისუფლების გარეშე, ან მოქალაქეების გარეშე. ეს შეუძლებელია. ეს გამოწვევაა, საერთო პრობლემაა ყველასთვის. ჩვენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ, რესურსები შევაფასოთ და ერთად გავაკეთოთ ყველაფერი.

რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც შეფერილობებით, ვითომ პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები იქნება გაგრძელებული, მეორე შემთხვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ყველაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კომერციულ კომპანიებზე. უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო, ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გათვითცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შეტყუება კლუბებში და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ უმკაცრესი პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის!“, - განაცხადა გახარიამ.