6 ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს

6 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას მიმართავს და ერთობლივ მიმართვას ავრცელებს.

საქართველოში და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მიზნით, აუცილებელია გადაიდგას აქტიური და ქმედითი ნაბიჯები, რაც დაეხმარება ბიზნეს სექტორს გააგრძელოს ბიზნეს საქმიანობა და ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქოს ის უარყოფითი შედეგები, რომელიც მივიღეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ბიზნეს სექტორის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ბიზნეს ასოციაციებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით ბიზნესის ინტერესების დაცვისა და კრიზისულ პერიოდში კონკრეტული დახმარებების გაწევის მიზნით გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები და განხორციელებულიყო შესაბამისი ცვლილებები არსებულ საგადასახადო პოლიტიკაში.

ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ასოციაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უმოკლეს ვადაში განიხილონ შემდეგი საკითხები:

  • განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მიმდინარე თვის ბოლოდან იწურება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო პერიოდი.
  • მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს.
  • სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კერძო საბანკო სექტორთან დაუყოვნებლივ გაიმართოს მოლაპარაკებათა რაუნდი და ასეთი არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება, ასევე განხილულ იქნას მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით შესაძლო მხარდაჭერის გზები.
  • გაიმართოს კონსულტაციები კომუნალური მომსახურების კომპანიებთან (ენერგოპრო, თელასი, თბილისი ენერჯი, GWP და ამ სფეროში საქართველოში მოქმედისხვა კომპანიები) კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავების მიზნით, ასევე განხილულ იქნას მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით შესაძლო მხარდაჭერის გზები.
  • მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ქვემოთ ხელისმომწერი ბიზნეს ასოციაციები გამოთქვამენ მზადყოფნას მთავრობასთან გამართონ კონსულტაციები ზემოხსენებულ საკითხებზე“, - აღნიშნულია მიმართვაში.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია

ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭო

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია

გადასახადის გადამხდელთა კავშირი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია