მსო-მ ევროკავშირს უფლება მისცა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები გაზარდოს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო ორგანომ ორშაბათს ოფიციალურად მისცა ნებართვა ევროკავშირს, მიიღოს კონტრზომები ვაშინგტონის მხრიდან Boeing Co-ს არაკანონიერი სუბსიდირების გამო და გაზრდილი ტარიფებით დაბეგროს ამერიკიდან იმპოტირებული 4 მილიარდი დოლარის პროდუქცია.

„ევროპული კომისია ამზადებს კონტრზომებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენთვის მიზანშეწონილია ამ საკითხის შტატებთან მოლაპარაკებების გზით გადაჭრა. ამ მიზნით ვაპირებთ ამერიკელ კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტს და მხარს ვუჭერთ რეგულარულ კავშირს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან რობერტ ლეიტჰაიზერთან. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში კი მზად ვართ მივიღოთ კონტრზომები, მსო-ს ნებართვის შესაბამისად“ - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვალდის დომბროვსკისმა.

შეგახსენებთ, დავა აშშ-ს და ევროკავშირს შორის ავიამწარმოებლების უკანონო სუბსიდირების გამო 2004 წლიდან გრძელდება. ბრიუსელმა ვაშინგტონი Boeing-ის უკანონო სუბსიდირებაში დაადანაშაულა, ვაშინგტონმა კი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მხრიდან Airbus-ის უკანონო სუბსიდირებაზე საჩივრით მიმართა მსო-ს.

2019 წლის მარტში მსო-ს სააპელაციო ორგანომ ევროკავშირის აშშ-სადმი პრეტენზიების უმეტესობა დააკმაყოფილა.

კოკა კვირკველია