მსგავსი ტიპის ინტერვენციას რეალურად არ ვგეგმავთ - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მომავალში ხორბლის იმპორტის შესაძლო სუბსიდირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ამასთან, მინისტრმა განმარტება გააკეთა იმაზეც, თუ რატომ დაასუბსიდირა გაზაფხულზე მხოლოდ ხორბლის იმპორტი და არა ფქვილის.
„ჩვენ გავაკეთეთ იმპორტის წახალისება გაზაფხულზე მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იყო მეზობელი ქვეყნების მხრიდან არაორდინალური ნაბიჯები გადადგმული. კერძოდ, ეს იყო პროდუქციის ექსპორტის კვოტირება, ლიმიტირება დ ასევე სხვადასხვა ბარიერების შემოღება, ამას შეიძლება გამოეწვია მიწოდებაში წყვეტა. ასეთი რამ არ მოაზრება ახლა, ასეთი წინაპირობა არ არსებობს ბაზარზე და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას რეალურად არ ვგეგმავთ. ვაკვირდებით რუტინულ რეჟიმში ხორბალს.
სუბსიდირების საკითხში საფუძველია ხორბალი და არა ფქვილი, რადგან საქართველოს აქვს 3-4-ჯერ მეტი სიმძლავრე იმისა, რომ აწარმოოს ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხორბალზე და არა ფქვილზე, რათა ქვეყანა იყოს უზრნველყოფილი პურ-პროდუქტებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისათვის, მთავრობის მიერ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების საკითხი ფქვილის იმპორტიორი კომპანიების კრიტიკის საგანი გახდა. იმპორტიორები ამბობენ, რომ სახელმწიფომ ხორბლისა და ფქვილის ბიზნესში მოქმედი საწარმოების არაკონკურენტ გარემოში ჩააყენა, როდესაც დაასუბსიდირა მხოლოდ ხორბალი და არა ფქვილი. შესაბამისად, ამის გამო მათ არაადექვატურ ფასთან ბრძოლა უწევთ.