„ვმუშაობ იმისთვის, რომ ბაზრიდან არ გავქრეთ და მერე ნულიდან არ მოგვიწიოს დაწყება“ - როგორ აისახა პანდემია ღვინის მაღაზიებზე

იქამდე, სანამ ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კორონავირუსით მიყენებულ ზარალს ითვლის, დახურვის პირას არიან ღვინის მაღაზიებიც.

,,wine market”ის დირექტორი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოგების გარეშე, იმისათვის ოპერირებენ, რათა პანდემიამ ბაზრიდან მათი ბიზნესი არ გააქროს.

ნინი ონაშვილი აცხადებს, რომ მათი ნიშა ქართული მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინის რეალიზაციაა, ძირითადი მომხმარებელი კი ტურისტები იყვნენ. მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, გაყიდვები 98%-ით შეუმცირდათ და ამის გამო თანამშრომლების გათავისუფლებაც მოუწია.

,,ჩვენი კონცეფცია იყო და პანდემიის მიუხედავად რჩება მცირე მარნების ხელშეწყობა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ქვევრის ტრადიციული ღვინის დამზადებაზე და მაღალ ხარისხზე. მცირე მარნების ღვინოებია ძირითადად ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით მზადდება. მას შედეგ, რაც ბაზარზე ვოპერირებთ, ვცდილობთ, რომ ეს იყოს ჩვენი ნიშა.

ძირითადად ჩვენი ღვინის მომხმარებლები ტურისტები იყვნენ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა, 98%-ით გვაქვს შემცირებული გაყიდვები და შეგუებულიც ვართ, რომ ასე იქნება მომავალი წლის მარტის ბოლომდე. ამ დრომდე, უბრალოდ ვმუშაობ იმისთვის, რომ ბაზრიდან არ გავქრეთ და მერე ნულიდან არ მოგვიწიოს დაწყება. ერთადერთი, რატომაც არ ვხურავთ მაღაზიებს, ეს მიზეზია. მოგებაზე და გაყიდვებზე ზედმეტია საუბარი. სამწუხაროდ, საქართველოში ამ დრომდე არ გვაქვს ბოთლის ღვინის შეძენის კულტურა. ამიტომ, მომხმარებელი ამ ეტაპზე ძალიან ცოტაა. არც სახელმწიფო შეღავათები შეგვეხო, რაც ჰორეკა ბიზნესზე გავრცელდა.

ჩემი ინფორმაციით, შედარებით უკეთესია ღვინის იმ მაღაზიების მდგომარეობა, რომლებიც ურბანულ ნაწილში არიან და მათი გათვლა იმთავითვე ადგილობრივი მომხმარებელი იყო. ჩემს უბანში (სოლოლაკში) კი თითქმის ყველა მსგავსი ობიექტი უკვე დახურულია. ჩვენ მაღაზია ამაღლების ქუჩაზე, ტურისტულ ნაწილშია და შესაბამისად, ჩვენი ნიშაც ეს იყო, ვიზიტორები იყვენენ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი. პანდემიის პირობებში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება თანამშრომლების გაშვება იყო, თუმცა სამწუხაროდ, ამის გაკეთება მომიწია, იმისათვის, რომ უბრალოდ არსებობა გაეგრძელებინა ჩვენს ბიზნესს. ამ ეტაპზე, 4 თანამშრომელი, ანუ ყველა გავუშვით გაურკვეველი ვადით. “-აცხადებს მაღაზიის დირექტორი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ნინი ონაშვილის თქმით, რეალიზაციის შემცირება, ჯერ კიდევ პანდემიამდე, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ტურისტულმა ემბარგომ გამოიწვია, თუმცა გასულ შემოდგომასთან შედარებით სიტუაცია უფრო მძიმეა - „რეალიზაცია 98%-ით შეგვიმცირდა“.

თამარ მუკბანიანი