ბოსტნეულის შემდეგ “ჰერბიამ“ პესტოების, აჯიკისა და სოუსების წარმოება დაიწყო

მწვანილებისა და ბოსტნეულის შემდეგ “ჰერბიამ“ გაყიდვაში 8 სახეობის პესტო და სოუსი დაამატა, რომლის შეძენაც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ქსელურ სუპერმარკეტში შეიძლება. თუმცა როგორც კომპანიის მენეჯერი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, მოთხოვნა ბევრად დიდია, ვიდრე ელოდნენ, ამიტომ გასაყიდი არეალი და ასორტიმენტი გაფართოვდება.

დავით ჯანელიძე ახალ პროდუქციაზე და ბაზარზე უკვე არსებულის რეალიზაციის დინამიკაზე საუბრობს. მისი თქმით, პროდუქციის მხოლოდ 5% გადის საექსპორტოდ.

,,ჩვენს მიერ გამოშვებული ახალი პროდუქცია არის ქართულ-იტალიური გემოების ნაზავი. თან ტრადიციული და თან ევროპული, რომელიც წარმოდგენილია სოუსების, პესტოების და აჯიკების სახით 8 სახის პროდუქტი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ,,გუდვილში“ იყიდება, მაგრამ ახალი წლიდან გაიყიდება სხვა ქსელებშიც. მოთხოვნა მოსალოდნელზე ბევრად დიდია და ამიტომ გაფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტიც.

რაც შეეხება, უკვე არსებულ პროდუქციას, ვგულისხმობ შეფუთულ ბოსტნეულს და მწვანილს, მისი რეალიზაცია განსაკუთრებით სრული ლოქდაუნის დროს გაიზარდა და დაახლეობით 30%-ით არის გაყიდვები მომატებული. ამ ეტაპზე პროდუქციის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას აკმაყოფილებს და მხოლოდ 5% გადის ბულგარეთში ექსპორტზე“,- ამბობს ,,ჰერბიას“ მენეჯერი დავით ჯანელიძე.

ცნობისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს დღეში 1000 ერთეული პროდუქტის გამოშვება შეუძლია. სასათბურე მეურნეობა ჯამში 25 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც წელიწადში 2 000 ტონამდე ბოსტნეული იწარმოება. ამ დროისთვის კომპანიაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

თამარ მუკბანიანი