„ფეისბუქმა“ „ალტ-ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ქართულ არჩევანთან“ დაკავშირებული ათობით ანგარიში და გვერდი გააუქმა

კომპანია „ფეისბუქმა“ ოქტომბერში მედია სუბიექტ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 39 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 „ინსტაგრამ“-ანგარიში გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ფეისბუქის“ განმარტებით, კომპანიამ აღნიშნული ქსელი რეგიონში "კოორდინირებული არაავთენტური ქცევის" ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წაშალა.

კომპანიამ ასევე წაშალა პოლიტიკურ პარტიებთან – “პატრიოტთა ალიანსთან” და “ქართულ არჩევანთან” - დაკავშირებული 54 ანგარიში, 14 გვერდი, და 21 „ინსტაგრამ“-ანგარიში. „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გვერდების აქტივობის სამიზნე საქართველოს შიდა აუდიტორია იყო.

კომპანია ასევე განმარტავს, რომ ორივე ქსელს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციის გაანალიზების გზით მიაკვლია.