მცირე და საშუალო კომპანიები გაკოტრების პირას არიან და რამდენად გადაიტანენ ამ ზამთარს, საეჭვოა - დისტრუბუტორთა ასოციაცია

,,ეს არის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე არ ჩანს“- ასე შეაფასა ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კორონავირუსის პანდემიისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

ივა ჭყონია ამბობს, რომ კოვიდმა კიდევ უფრო დაგვანახა, თუ რა სუსტია ქართული ეკონომიკა.

,,კომპანიები რომ გაძლებაზე არიან და მომავლის იმედად, ეს ვიცით ყველამ. ყველა კომპანიამ ბანკებიდან მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსები, თავის მხრივ, ბანკებიც ზარალზე არიან ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის დღეს საქართველოში კერძო სექტორის რეალობა.

ერთადერთი უკეთესი მდგომარეობაა მათთვის, ვინც პირველადი პროდუქციის წარმოებაში და იმპორტშია ჩართული. ადამიანები ძლებენ ახალი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის, ჭურჭლის და სათამაშოების გარეშე და იკმაყოფილებენ პირველად მოთხოვნილებებს. ეს ბუნებრივია. კომპანიები წლიდან წლამდე არ ზრდიან ფასს, ფასწარმოქმნა ხდება ისე, რომ გაძლონ და გადარჩნენ. გაძლებაზე არიან უკეთესი მომავლის იმედით და ეს უკეთესი მომავალი კი, არ ჩანს. ეს არის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე არ არის. კოვიდმა უკეთ დაგვანახა, რა სუსტია ჩვენი ეკონომიკა”,-აცხადებს, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ჭყონია იმასაც ამბობს, რომ არსებული რეალობა ათობით კომპანიის დახურვას გამოიწვევს.

,,უკვე ნოემბრის შუა რიცხვებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ჩვენი სექტორისათვის, რომლის ვადაც ამ თვეში იწურება.

ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სექტორი პირდაპირ არის მიბმული ტურიზმზე და ის თუ გაჩერდა, ხვალ და ზეგ აღდგენილი ტურიზმი სერიოზული დარტყმის წინაშე დადგება, რადგან პროდუქციის მიმწოდებელი არ ეყოლება. აქ მეორე მომენტიც დგება, დარტყმა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი სექტორია, გამოიწვევს ათობით კომპანიიდან, 2-3 მონოპოლისტის გადარჩენას, რაც ბუნებრივად ნიშნავს მაღალ ფასს.

ახლა, მცირე და საშუალო კომპანიები გაკოტრების პირას დგანან და რამდენად გადაიტანენ ამ ზამთარს საეჭვოა. ისედაც ძალიან რთული ზამთარი გველოდება. ამ პირობებში კი, სებ-ი კურსს ვერ უშველის. ბოლო წლების განმავლობაში რომ არაფერი გაკეთებულა, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სახე და ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში “- განაცხადა ჭყონიამ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი