გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავს და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი ზომების დაწესების საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვების დოკუმენტის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია შობამდე ყველა სახის კერძო წვეულებაზე დასწრებისგან თავის შეკავების შესახებ.

ამასთან, ოჯახებმა თავიანთ სახლებში სტუმრების მიღება უნდა შეზღუდონ, უნდა გამკაცრდეს შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეების თავშეყრასთან დაკავშირებითაც.

დოკუმენტის პროექტის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლებში უნდა გამკაცრდეს სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული წესები და პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის.

ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვეულებრივი გრიპის თუნდაც მსუბუქი სიმპტომი აღენიშნება, ვალდებული უნდა იყოს, იზოლაციაში გადავიდეს.

შეგახსენებთ, გერმანიამ მიმდინარე თვეში ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელსაც „მსუბუქ ლოქდაუნად“ მოიხსენიებენ. დახურულია ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები კვლავ ღია რჩება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ინფექციების რიცხვი ექსპონენტურად აღარ იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით არც შემცირება შეინიშნება.