საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60.8 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად 0.8 და 3 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.3 პროცენტული პუნქტით.

„2020 წლის მე-3 კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 72.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის მე-3 კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.6 და 1.1 პროცენტული პუნქტით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი