„მალე სოფლის ქათმის ფასს გაასწრებს ფაბრიკის პროდუქციის ღირებულება“ -  როდის დაიწყება გაძვირება

„დღეს აბსოლუტურად ყველა ფაბრიკა კვერცხს თუ ქათმის ხორცს ზარალზე ყიდის. ამიტომ, ხვალვე რომ გაძვირდეს პროდუქცია, არ გაგიკვირდეთ“,- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი მარცვლეულის დეფიციტთან ერთად, გაზრილი ფასებია, რასაც ლარის გაუფასურებაც ემატება.

როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი განმარატვს, დღეს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ფასები მინიმუმ 10%-ით მეტი უნდა იყოს, რომ კომპანიები არა თუ მოგებაზე, ზარალზე მაინც არ გავიდნენ.

„ყველამ იცის, მარცვეული რა ღირს, ხორბალზე რა ხდება, კვოტირება, ფასის ზრდა, ეს ლარი ხომ თავისთავად არაპროგნოზირებადია და ამ ფონზე, მეფრინველეებისთვის არაფერი სასიკეთო არ მომხდარა. ორი ძირითადი პრობლემაა, ჯერ ერთი, რომ ძალიან ცუდი მოსავალია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, საიდანაც ვმარაგდებით, ეს არის ძირითადად რუსეთი და უკრაინა. არნახულად დაბალი მოსავალია. ანუ, ყველა იმ კომპონენტში, რაც განაპირობებს კვერცხის და ქათმის ხორცის ფასს, არის ძალიან ცუდი წელიწადი. ამას ემატება ლარი, რომელიც 3,30 ნიშნულზეა და კაცმა არ იცის ხვალ სადამდე ავა. ამასთან, შეზღუდვებსაც „გვპირდება“ რუსეთი, იანვრიდან მარცვლეულზე კვოტებს აწესებს, ეს თავისთავად იწვევს პანიკას, პანიკა - ფასის გაზრდას და ძალიან ცუდ დღეში ვართ“,-აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა ფაბრიკა ზარალზე მუშაობს და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, გადამოწმება მარტივია.

„დღეს აბსოლუტურად ყველა ფაბრიკა, კვერცხს თუ ქათმის ხორცს ზარალზე ყიდის. ამიტომ, ხვალვე რომ გაძვირდეს პროდუქცია, არ გაგიკვირდეთ. აქ ხომ შეთანხმებით არ ხდება ყველაფერი. ვის რისი რესურსიც აქვს, იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ძალიან ცუდად გვაქვს დაცდილი ფასის მომატება, რამდენჯერაც გავზარდეთ, იმდენჯერ შემცირდა რეალიზიაცია. ხომ ხედავთ, ხალხიც რა დღეშია. მოუმატებ და მერე აღარ იყიდება. სამომხმარებლო ბაზარზე დღეს რა ფასებიც გვაქვს, ამაზე მინიმუმ 10%-ით ძვირი უნდა იყოს პროდუქცია, რომ წარმოება ზარალზე არ იყოს. თორემ, აქ მოგებაზე საუბარიც არ არის. ამას მხოლოდ როგორც ასოციაციის წარმომადგენელი კი არა, როგორც მწარმებელი ვამბობ. ყველა მონაცემი rs.ge-ზე არის და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შეუძლია გამოგზავნოს კომისიაც და ნახოს, რამხელა ზარალზე მუშაობენ კომპანიები. უბრალოდ, სადამდე უნდა გავზარდოთ ფასი?! მალე სოფლის ქათმის ფასს გაასწრებს ფაბრიკის პროდუქციის ღირებულება. იგივეა კვერცხის შემთხვევაში. მე ვფიქრობ, ყველაზე გვიან, ალბათ, 2 კვირაში მოვუმატებთ ფასს. ასე თუ გაგრძელდა, კიდევ გაიზრდება მარცვეულის ღირებულება და სხვა გზა უბრალოდ არ გვექნება“,-განაცხადა ზურა უჩუმბეგაშვილმა.

ნინი ქეთელაური