„ხორცი ხორცად უნდა იყიდებოდეს და წყალი -  წყლად“ - რა პრობლემები შეუქმნა იმპორტიორებს ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამ

უკვე 1 თვეა, რაც ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც გაყინულ პროდუქტში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იმპორტიორი კომპანიების ნაწილს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნათ, თუმცა კეთილსინდისიერი იმპორტიორებისთვის ესეც მოგვარებადია. შესაბამისად, ბაზარზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ან პროდუქტის ფასის ზრდა, არ მომხდარა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტობერში, ისევე როგორც 2020-ის 10 თვეში შემცირდა გაყინული გათქმის იმპორტი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანაში სულ 743 ტონა (940.65 ათასი დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, ხოლო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 659 ტონა (720.38 ათასი დოლარი).

რაც შეეხება 10-თვიან მაჩვენებელს, გასული წლის იანვარ-ოქტობერში 6,988 ტონა (8,983 მლნ დოლარი) გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი განხორციელდა, ხოლო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 6,936 ტონის (8,291 მლნ დოლარი).

ცნობისთვის, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 20 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში კი, წყლის საერთო რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აღნიშნული რეგულაცია ფრინველის ხორცის იმპორტიორებისთვის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ცვლილებების ძალაში შესვლა მთავრობამ 20 ოქტომბრამდე გადააავადა. ამის მიზეზად კი, კოვიდ-19 და ფრინველის ხორცის დეფიციტის თავიდან აცილება დაასახელა.

„მე ვფიქრობ, კანონი აბსოლუტურად სწორია. რამდენადაც ვიცი, ვიღაც -ვიღაცეებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ალბათ, უნდა შექმნოდათ კიდეც. იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სტანდარტია, ხორცი ხორცად უნდა იყიდებოდეს და წყალი - წყლად. შესაბამისად, ამ რეგულაციას ბაზარზე ისეთი განსაკურებული არაფერი გამოიუწვევია, მათ შორის, არც ფასის ზრდა და არც რაიმე დეფიციტი წარმოქნილა. რაღაც შეფერხებები იყო, ვერ აკეთებდნენ საბუთს, თუმცა ყველა გაფრთხილებული იყო და იცოდა, რომ ეს კანონი უნდა შესულიყო ძალაში. შესაბამისად, კეთილსინდისიერ კომპანიებს არანაირი სერიოზული გართულება არ ჰქონიათ“,- აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ნინი ქეთელაური