,,15 სტენდიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 5 დაგვრჩა“ - როგორ აისახა პანდემია ,,ჩირჩხელას“ წარმოებასა და რეალიზაციაზე

,,იმის გამო, რომ პანდემიამ მიწოდების დრო გაზარდა, პრობლემები შეგვექმნა და ექსპორტს აღარ აქვს რეგულარული სახე. ახალ საექსპორტო ქვეყნებთან კი მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია“ - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ქართული ჩირის კომპანია , ,,ჩირჩხელას“ დირექტორმა ისაუბრა.

გური სალუქვაძის თმით, კომპანია ახლა ცდილობს ადგილობრივ მომხმარებელს მოერგოს, საიდანაც მოთხოვნა მზარდია.

,,ადგილობრივ ბაზარზე 15 სტენდიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 5 დაგვრჩა. ტურისტულ ადგილებში ბუნებრივია, მოგვიწია დახურვა, თუმცა ახლა ვცდილობთ, ავითვისოთ ქალაქის ურბანული ნაწილი, სადაც მოთხოვნა გაჩნდა ადგილობრივი მომხმარებლისაგან. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვქონდა ტურისტული მიმართულება ათვისებული, წარმოების და პროდუქციის შემცირება მოგვიწია. გასულ წელს ბევრად მეტი იყო ჩირისა და ტყლაპის წარმოება და რეალიზაციაც, ვიდრე წელს. შემცირება ბუნებრივია შეეხო ჩურჩხელასაც.

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამზადისი ახალი წლისათვის და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ საკმაოდ მოქნილ პაკეტებს. თუმცა გასულ წელთან შედარებით ნაკლები წარმოება გვაქვს საახალწლოდ, რადგან ბევრად ნაკლებ შეკვეთებს ველოდებით“, - თქვა გური სალუქვაძემ.

კომპანიის დირექტორი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მუშაობა პანდემიის დროსაც არ შეუჩერებიათ და მიტანის სერვისის საშუალებით აწვდიდნენ მომხმარებლებს პროდუქციას.

,,ჩვენ პანდემიის დროსაც საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით სახლში მიტანის სერვისზე. ადამიანები ერთმანეთს საჩუქრად უგზვანიდნენ კარანტინში და ჩვენ ვეხმარებოდით ამ მძიმე დღეების გახალისებაში და ვაფორმებდით შესაბამისად.

პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ტურისტულ ზონებში სტენდები ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა და სრულად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, გადავწყვიტეთ გვეცადა ქსელურ მარკეტებში შესვლა, მაგრამ იმდენად კაბალური და აბსურდული პირობებია, ეს ვერ მოხერხდა. ერთი სახის პროდუქციის შეტანისთვის უნდა გადაგვეხადა 1 000 ლარი. გარდა ამისა, რომც არ გაიყიდოს 20% უნდა გადაგვეხადა. სახელმწიფოსაც ვთხოვეთ დახმარება, რომ ადგილობრივი პროდუქციისათვის იყოს საშეღავათო პირობები, მით უფრო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, თუმცა არც ეს მოხერხდა. მერწმუნეთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“,-თქვა მან.

,,ჩირჩხელას“ პანდემიამ ხელი შეუშალა როგორც ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაში, ასევე არსებული საექსპორტო ქვეყნებისათვის, პროდუქციის რეგულარულ მიწოდებაშიც.

,,ისევ პანდემიის გამო, რამდენიმე მოლაპარაკება შეჩერდა ახალ საექსპორტო ქვეყნებთან ( აშშ, პოლონეთი და სხვა). რამდენიმე ქვეყანაში ისევ ვახორციელებთ ექსპორტს, თუმცა მიწოდებას რეგულარული სახე აღარ აქვს, რადგან ტვირთების გადაზიდვის დრო გაიზარდა, ჩვენი პროდუქციის ვადა კი 6 თვეს არ აღემატება, რადგან სრულად ორგანულია და არ შეიცავს დანამატებს, რომელიც შენახვის დროის ზრდას იწვევს“, -აცხადებს სალუქვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ქართული ჩირი ”ჩირჩხელა” ბაზარზე 2016 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. კომპანია დაახლოებით 15 სახეობის ჩირს ქართული ხილისა და ბოსტნეულისგან ამზადებს.

თამარ მუკბანიანი