სერგო ჩიხლაძე - ერთხელ ჩაკეტვისას 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა და 1 თვეში ეკონომიკამ 17%-ით მოიკლო, უარესს ველოდებით ახლა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ეპიდვითარების გამო დღეს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოსასვლელად სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვებით კიდევ უფრო ცუდი სცენარია მოსალოდნელი.

ჩიხლაძის თქმით, როგორც ყოველთვის, მთავრობა არათანამიმდევრულია.

„ეს შეუიარაღებული თვალითაც ჩანს. მთავარი პრობლემა და კრიტიკის საგანი არის ის, რომ გაწერილი გეგმა წარმოადგინეს, რას დაკეტავენ და არ იმუშავებს, მაგრამ იგივენაირად გაწერილი გეგმა, რომ მაგალითად, ჯანდაცვაში სხვადასხვა მიმართულებით რა გაკეთდება, რისთვის მოემზადებიან ამ პერიოდში, ან ეკონომიკაში რა გაკეთდება, ეს არ წარმოუდგენიათ. უმუშევარ ხალხს იგივე სქემით ჰპირდებიან დაფინანსებას, როგორც გაზაფხულზე. 1500 ლარი რომ იქედან 80%-ს არ მიუღია, ესეც კარგად ვიცით. მთავარი არის, რას აკეთებს ჯანდაცვის, ეკონომიკის, სხვადასხვა სექტორის კუთხით და არა ის, თუ რას ჩაკეტავენ. ერთხელ ჩაკეტვისას უკვე ვნახეთ, რომ სიტუაცია მაინც აფეთქდა. შედეგი ვერ გამოვიღეთ. 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა და 1 თვეში ეკონომიკამ 17%-ით მოიკლო. იგივეს და უფრო უარესს ველოდებით ახლა ამ ჩაკეტვებით, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი ფაქტობრივად მოკვდა. ჯანდაცვა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ჩამოშლილ ეკონომიკაში ჯანდაცვაც ჩამოიშლება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.